ახალი ამბები
უფასო სასადილოში კვების მენიუს ყველი, ფუნთუშა, არაჟანი და ცხელი კერძი დაემატა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ზამთარსა და გაზაფხულზე უფასო სასადილოებში ბენეფიციართა კვებით უზრუნველსაყოფად 74 ათას ლარამდე გამოყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. მერიის სოციალური სამსახურის უფროსის ნინო სხულუხიას ინფორმაციით, ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული მომსახურებისთვის 160 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა, ზაფხულისა და შემოდგომის თვეებისთვის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება. მისივე თქმით, აღნიშნული ახალი რეგულაციებითაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება მენიუს, კვების რაციონში ყველი, არაჟანი, ფუნთუშა და ზაფხულის სეზონისთვის ერთი ცხელი კერძია დამატებული.

„ბენეფიციართა მოთხოვნით, შევიტანეთ რამდენიმე პროდუქტი, მათ შორის, ყველი, მჭადთან ერთად, სეზონური მენიუა და ეს პრინციპი გატარდება მომავალ წელსაც“, - უთხრა რადიო "ათინათს" სხულუხიამ.

ტენდერში, რომლის შესყიდვის ღირებულება 73 765 ლარია და 250 ბენეფიციარზეა გათვლილი, წინადადებების მიღებ 11 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება.
Print