ახალი ამბები
პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მმართველობის დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველობის დეცენტრალიზაციაზე ისაუბრეს. ბახტაძის თქმით, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნევლყოფილი იყოს.

„საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და განსაკუთრებულია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის. შესაბამისად, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა მნიშვნელოვანია და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ინტენსიური მონაწილეობით“, - განაცხადა ბახტაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი.

“თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს მოქალაქეთა ჩართულობაში. თვითმმართველობა არაფერია თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა. აქედან გამომდინარე ამ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას უდიდესი როლი უნდა დაეთმოს.დღეს პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული. მიმართული იქნება მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობაზე ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში. პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების და მეტი რესურსების გადაცემას“, - თქვა კობახიძემ.

Print