ახალი ამბები
„ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ ზღვისპირეთის ენდემური სახეობის მცენარეების გადარჩენას ითხოვენ
სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში პროექტის „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ ახორციელებდა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა. მისი მიზანია ანაკლია-მდინარე ჭურიის ზოლის ტერიტორიის დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, ზღვის შროშანისა და ყვითელი ყაყაჩურას გენოფონდის შენარჩუნება და ჰართვისის (კოლხური) მუხის გაშენება. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ანაკლიისა და ყულევის ზღვისპირა ზოლზე ზღვის შროშანის 500 ერთეული, 300-მდე ყვითელი ყაყაჩურას ბოლქვი და სოფელ ჭალადიდში სპეციალურად შერჩეულ ადგილას 700-მდე ძირი ჰართვისის მუხა დარგეს. მისივე თქმით, აღნიშნული ენდემური ჯიშის მცენარეების გადარჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ საფრთხე შეიძლება ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობამ შეუქმნას. ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ უკვე მიმართეს საავტომობილო გზების დეპარტამენტს თხოვნით, რომ აღნიშნული გზის საფარის დაგების შემთხვევაში ანაკილია-ჭურიის ის მონაკვეთი გაითვალისწინონ, სადაც ეს ენდემური სახეობები ხარობს.

alt
„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა. გარდა ენდემური ჯიშების გამოყვანის და დარგვისა, შედგა საინფორმაციო შეხვედრები, დასუფთავების კამპანია და ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა ტრენინგ-სემინარები. მინდა გითხრათ, რომ წითელ წიგნში შეტანილი ყვითელი ყაყაჩურა, ზღვის შროშანი და ჰართვისის მუხა საჭიროებს გადარჩენას, მათ გარკვეული საფრთხე ემუქრება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობის გამო. რამდენჯერ მივწერეთ გზების დეპარტამენტს, გაივლის თუ არა ეს გზა აღნიშნულ მონაკვეთს, მაგრამ მათგან ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, - ხეცურიანი.

ენდემური ჯიშების გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობს კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მთავარი სპეციალისტი მანანა ჩიქოვანიც.



„თავისებურება ამ მცენარის მდგომარეობს იმაში, რომ ფესვთა სისტემა არც ისე ღრმად აქვთ და გამრავლებისას მის თესლებს აუცილებლად ზღვის შხეფი უნდა მოხვდეს. დამტვრევას კი მხოლოდ ერთი სახეობის პეპელა ახდენს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ათასი თესლიდან ერთიც არ აღმოცენდეს. ბუნებამ უფრო კარგად იცის როდის მოხდება მას ზღვის შხეფი და მისი ხელოვნურ პირობებში გადმოტანა არის ძალიან რთული. თუ აქ იქნება გზა გაყვანილი, ორივე მცენარეს ემუქრება გაქრობა... რიგითი ადამიანებისთვის შეიძლება ეს მცენარეები არ წარმოადგენდეს არაფერს, მაგრამ მეცნიერებისთვის ეს ფასდაუდებელია. ასეთ პატარა ტერიტორიაზე გვხდება უნიკალური მცენარეები. მუხის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, მაგრამ ჰართვისის მუხა ანუ კოლხური მუხა განსაკუთრებულია იმით, რომ ის ხარობს ჭარბტენიან ადგილას და განსხვავებულია მისი ფოთოლიც და რკოც“,- თქვა ჩიქოვანმა.

პრეზენტაციას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.



Print