ახალი ამბები
საკრებულოს წევრი ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფის შექმნას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ფრაქცია „კონსერვატორებიდან“ კონსტანტინე კაკავამ მერიის ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით საკრებულოს მიმართა. მისი თქმით, გაერთიანების შემდეგ ააიპ-ების საქმიანობა არაეფექტური გახდა როგორც შედეგის, ასევე, ხარჯების თვალსაზრისით.

„მე გთავაზოთ, რომ დროებით სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც შეისწავლის ააიპ-ების საქმიანობას და გაერთიანების შემდეგ შექმნილი ვითარებას. ფაქტია, რომ არ მოგვცა ეფექტი, რომელსაც მოველოდით და უფრო გართულდა სიტუაცია. უმთავრესი მიზანი, რაც იყო - ნაკლები საბიუჯეტო ხარჯები და მეტი ეფექტურობა - ვერ შესრულდა. არ შეიძლება, რომ დაფინანსების 95% მიდიოდეს ხელფასებზე და 5% ააიპ-ის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებაზე, ამიტომ ლეგიტიმურად ჩნდება კითხვები“, - აღნიშნა კაკავამ.

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ფრაქცია მერიას მიმართავს რეკომენდაციებითა და შენიშვნებით, რომ აუცილებელია, ბიუჯეტის გაცილებით მეტი ხვედრითი წილი იყოს მიმართული ადამიანებისკენ და ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯებისკენ.



„ნაკლები საბიუჯეტო ხვედრითი წილი და მეტი საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეს, უნდა მოვახდინოთ სტრუქტურული რეორგანიზაცია, მაგალითად მერიაში უნდა იყოს სამსახური ან განყოფილება მაინც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც შეიძლება მალე უნდა შემუშავდეს გენგეგმა და არქიტექტურის სამსახური უნდა იყოს ცალკე“, - დასძინა დეპუტატმა.

alt

მის ამ ინიციატივას საკრებულოს სხვა წევრები გამოეხმაურნენ. ისინი ეთანხმებიან კონსტანტინე კაკავას და საკუთარ შენიშვნებსაც დასძენენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა სანდრო სორდიამ თქვა, რომ აუცილებელია ხელფასების საკითხი გადაიხედოს, რათა პროფესიონალი კადრებისთვის მუშაობა სტიმული იყოს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესო ჭეჟიამ კი აღნიშნა, რომ ისინი ერთად მუშაობენ, რათა შეიქმნას სტრუქტურული რეორგანიზაციის კომისია, რომელიც შეისწავლის ააიპ-ების შენარჩუნების მიზანშეწონილობას და საშტატო ნუსხების შესახებ საკითხს.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია ამბობს, რომ ინიციატივას მიესალმება, თუმცა იმედი არ აქვს, რომ ის შედეგს გამოიღებს.

alt

„ის, რომ ააიპ-ებში გაბერილი შტატებია და ადამიანების მიმართ საარჩევნოდ გაწეული საქმიანობებისთვის ვალდებულებები აქვთ, ახალი ამბავი არ არის. ახლა, როგორც კი სიგნალი იგრძნეს, ვითომ ცდილობენ გამოსწორებას, მაგრამ მე არ მჯერა, რომ რაღაც ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამენ, თუმცა, ვნახოთ“, - თქვა შელიამ.

კონსტანტინე კაკავას შეფასებით კი, ეს ის გამოწვევებია, რომელიც ამ დროისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს და მათ ამ კუთხით შეცდომის დაშვებული უფლება არ აქვთ.
Print