ახალი ამბები
სამინისტრო კერზაიას გარდაცვალებაზე: სკოლას პოლიტიკურ საკითხებში რთავენ
განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სკოლას პოლიტიკაში რთავენ. აბულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია და ინსპექტირების შემდეგ დასკვნა მოამზადა.

"დასკვნა გადაეცა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომელსაც უნდა ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება, ასეც მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ განათლების სისტემას და სკოლას რთავენ ისევ პოლიტიკის საკითხებში. 2012 წლიდან მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ სისტემის განვითარებისთვის დეპოლიტიზება არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ არ ვიზიარებთ ამ პოზიციას, ცხადია, კარგი იქნება თუ სახალხო დამცველი და სხვა ინსტიტუტები დაინტერესდებიან" - თქვა აბულაძემ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.ია კერზაია გუშინ დილით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

აღნიშნულ სკოლაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური გასული თვის შუა რიცხვებში შევიდა. უწყების ინფორმაციით, სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. თავად დირექტორი, ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდა და სამართლებრივად ბრძოლას აპირებდა.

ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა
Print