ახალი ამბები
განათლების მინისტრის მოადგილე კერზაიას საქმეზე: ვემიჯნებით პროცესის პოლიტიზირებას
განათლების მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილი ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დასძენს, რომ სკოლებში შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია.

"მინდა მთელი სამინისტროს სახელით მწუხარება გამოვთქვა ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნო მის ოჯახს. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება რომ ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც სამინისტროს გააჩნია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ეს არის ინსტიტუციების შეფასება და შემოწმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. სამინისტრო ახორციელებს და კვლავაც განახორციელებს ნებისმიერი საჯარო სკოლის ინსპექტირებას იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შესაბამისი”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მინისტრის პარლამენტში დაბარებას, ხარატიშვილის თქმით, მათ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.

„ ყველა იმ პროცედურის დაცვით, რომელიც გულისხმობს მინისტრის თუ მთავრობის სხვა წევრის პარლამენტში მიწვევას, თუ იქნება დაცული, ბუნებრივია, მინისტრი თავის გრაფიკიდან გამომდინარე ამას გაითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, მათ შორის სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ ის კითხვები, რომლის გარშემოც ხდება სამწუხაროდ, პოლიტიზირება, იქნას დროულად და სათანადოდ გაცემული პასუხი",- აღნიშნა ხარატიშვილმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაში განათლების სამინისტროს ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.

ამავე თემაზე:

ოპოზიცია კერზაიას საქმეზე პარლამენტში განათლების მინისტრს იბარებს
Print