რეგიონი
ტურა, რომელმაც ოჩამჩირეში 18 წლის ახალგაზრდა დაკბინა, ცოფიანი იყო
აფხაზმა ვეტერინარებმა დაადგინეს, რომ ტურა, რომელმაც 5 დეკემბერს საღამოს 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცს დაესხა თავს ცოფიანი იყო. ინფორმაციას აფხაზურ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის ვეტერინარული სამსახურის უფროსი რომან ჯოპუა უდასტურებს. მან აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ ტურები ადამიანებს თავს არ ესხმიან. მათი აგრესიული ქცევის მიზეზი შეიძლება შიმშილი ან ცოფით დაავადება გახდეს.

"იმ შემთხვევაში, თუ ტურა თავს მაინც დაესხა, ადამიანმა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უნდა გაიაროს. ამ შემთვევაში, ეს იმუნოგლობულინი და ცოფის საწინააღდეგო ვაქცინაა», - განმარტავს ჯოპუა.

სპეციალისტი თვლის, რომ ტურების მიერ ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები შესაძლოა, მათი პოპულაციის ზრდასთან იყოს დაკავშირებული. მისი თქმით, აუცილებელია ძალების მობილიზაცია, რათა განადგურდეს ნადირი, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს და შეუძლია როგორც გარეული, ასევე შინაური ცხოველის დაინფიცირება.

მანამდე, ოჩამჩირის რაიონის ხელმძღვანელმა სლავიკ კუჩუბერიამ განაცხაა, რომ გასული კვირაში ტურების მიერ ადამიანზე თავდასხმის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
მისი თქმით, რაიონში პერიოდულად მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებში საშიშ ცხოველებზე ნადირობენ, რისთვისაც თითოეულ მოკლულ ტურაზე ოჩამჩირის ადმინისტრაცია მონადირეს 500 რუბლს უხდის, წელიწად-ნახევარში მოკლულია 1700 - მდე ნადირი. რაიონის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ტურების პოპულაციის ზრდა იმით არის გამოწვეული, რომ ოჩამჩირეში ბევრი დაცარიელებული სოფელია.

„ადრე ოჩამჩირეში 34 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 4 ათასი დარჩა. ახლა ტურებს ტყეებში საკვები არ ყოფნით და ისინი ქალაქში ჩამოდიან და ადამიანებს ესხმიან თავს. ბევრი მათგანი ნაგავსაყრელიდან მოდის, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს“, - აღნიშნა მან.

ოჩამჩირეში გასულ კვირაში ტურების მიერ ადამიანზე თავდასხმის ორი ფაქტი დაფიქსირდა, პირველი შემთხვევა სკოლა - ინტერნატის მახლობლად მოხდა, როდესაც ტურა ერთ - ერთ მოსწავლეს დაესხა თავს. მის ყვირილზე ადგილობრივმა მცხოვრებმა მოირბინა და ნადირის გაგდება შეძლო, თუმცა, ცხოველმა მოასწრო ორჯერ ეკბინა ბავშვისთვის. გოგონა მოგვიანებით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეორე შემთხვევა 5 დეკემბრის საღამოს მოხდა, ამჯერად ტურა 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცს დაესხა თავს და მუხლში ჩააფრინდა, რა დროსაც, ზურაბ მალანძიამ მისი დახრჩობა შეძლო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს.

მოკლული ცხოველი სოხუმის ლაბორატორიაში გაგზავნეს, სადაც ცოფზე შეამოწმეს.

Print