ახალი ამბები
მარიან ჯაში ადასტურებს, რომ მას ია კერზაიამ შეტყობინება გაუგზავნა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, ადასტურებს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიასგან 29 ნოემბერს შეტყობინება მიიღო, თუმცა ის მხოლოდ ორი დღის წინ ნახა.  ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანის" ეთერში ისაუბრა. ჯაშს დეტალურად არ უსაუბრია, თუ რას წერდა სკოლის დირექტორი, თუმცა აღნიშნა, რომ ტექსტი ძალიან მოკრძალებული იყო და 29-ში რომც წაეკითხა, არ დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქმე საგანგაშოდ იყო.

"უსაზღვროდ ვწუხვარ იმის გამო, რომ 29 ნოემბერს შემოსული შეტყობინება, როგორც ჩანს გადატვირთული რეჟიმის გამო დარჩა ჩემგან უყურადღებოდ. მე გუშინ შევამოწმე ტელეფონი, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა გადამოწმებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა ამის გამო. თავად წერილი იყო საკმაოდ მოკრძალებული. შეიძლებოდა ეს რომც წამეკითხა 29-ში არ დამრჩენოდა ის შთაბეჭდილება, რომ ის იყო საგანგაშო. თავად ალბათ ქალბატონი ია ძალიან ღირსეული ქალბატონი ბრძანდებოდა. სამწუხაროდ ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, არ მქონია შესაძლებობა პირადად უფრო კარგად გამეცნო ის", -  თქვა ჯაშმა.

მისივე ცნობით, 24 დეკემბერს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი საგანგებო საკომიტეტო მოსმენას გეგმავს, სადაც განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს ზემოაღნიშნულ სკოლის შემოწმებებთან დაკავშირებით სრული სურათის წარდგენას სთხოვენ.

ჯაში გამორიცხავს, რომ სკოლებში  პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდებოდეს, რადგან მასთან მასწავლებლებს შეხვედრის დროს მსგავს პრობლემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

ამავე თემაზე: 

განათლების სამინისტრო კერზაიას საქმეზე: არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს სასწავლო პროცესს

მარგველაშვილი: არჩევნებს დაედო ძალიან მძიმე ტვირთი მასწავლებელი ქალბატონის გარდაცვალებით

სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა

Print