ახალი ამბები
მერია: "ევრომშენმა" მხოლოდ იმ ტენდერებში გაიმარჯვა, სადაც მოთხოვნები დააკმაყოფილა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილი კომპანია „ევრომშენი 999“ მხოლოდ იმ ტენდერებში იმარჯვებს, სადაც სრულყოფილად აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ სატედნერო დოკუმენტაცია კანონის შესაბამისად მუშაობს.

„სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა საჯაროა და ნებისმიერ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასურველ ტენდერში თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად შპს ევრომშენი გამარჯვებულად გამოვლინდა მხოლოდ იმ ტენდერებში სადაც სრულყოფილად დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იცავს არადისკრიმინაციულობის და თანასწორობის პრინციპებს. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები საჯარო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს”, - აცხადებენ მერიაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანია იგებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.

TI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ჯაიანი ამბობს, რომ ყოფილ კომპანიასთან დაკავშირებით კანონდარღვევასა და ეჭვის საფუძველს ვერ ხედავს.

ამავე თემაზე:

ლაშა ჯაიანი: კორუფციულ გარიგებაზე თუ კითხვები არსებობს, გამოძიება დაადგენს
Print