ახალი ამბები
ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი წლის ანგარიში (ფოტო)
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და „ანაკლია სითიმ“ ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კონსორციუმიდან აცნობეს.

ამავე ინფორმაციით, ანაკლიის პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მენეჯმენტმა ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა და პროექტის განვითარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

alt

„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია დიდი ფინანსური ინსტიტუტების და გავლენიანი წრეების საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას,“ - განაცხადა ანაკლიის პროექტის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.

შეხვედრაზე 2019 გეგმებზეც ისაუბრეს. იანვარში სრულდება ტენდერი, რომელშიც წამყვანი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობენ და მალე ცნობილი იქნება ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობაც.

alt

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა შავ ზღვაზე, რომელსაც არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი და შავ ზღვაზე შემოსული საკონტეინერო გემების 75 % შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ შემოდის საქართველოში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უზრუნველყოფს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ჩვენი ქვეყანა შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გააჩნია“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, როგორი იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი წელი, როგორ ვითარდება საუკუნის პროექტი და როგორია სამომავლო გეგმები.

„ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება აბსოლუტურად ინტეგრირებული სხვადსახვა სატრანსპორტო საშუალებებთან. აქ ერთმანეთს დაუკავშირდება პორტი, რკინიგზა, გზა და ის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ოპერაციული კუთხით. ეს იქნება პირველი თანამედროვე და ერთიანი თავისუფალი საბაჟო ზონა, რომელიც იდეალურ პლატფორმას შესთავაზებს კლინეტებს ლოგისტიკის ბიზნესის, საბითუმო ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის, მსუბუქი მრეწველობისა და რე-ექსპორტის საქმიანობისათვის“ - აღნიშნა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

alt

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშოების 100 პროცენტი შესრულებულია

 ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო (ფოტო, ვიდეო)

ანაკლიის პორტის სახმელეთო სამუშაოები სრულდება (ვიდეო)

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)



Print