ახალი ამბები
ზუგდიდში სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბი ჩამოყალიბდა (ვიდეო)
ზუგდიდში,  სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, აქ ერთდროულად სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებს რეაბილიტაციის, განათლებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  ყრუ და უსინათლო ადამიანების და საზოგადოების სხვა წევრებთან ურთიერთობის მსოფლიოში მიღებული მეთოდის: ,,ლორმის ანბანი Geo Lorm” მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კლუბი ა(ა)იპ ,,მომავალი იწყება დღეს“ და პოლონური ორგანიზაცია Human Doc- ის პროექტის ,,მხედველობა - სმენის პრობლემების მქონე მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში ჩამოყალიბდა.
alt
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს წევრი ირუზა კაკავა, რომელიც ამ პროექტშია ჩართული, ამბობს რომ აღნიშნული კლუბის ჩამოყალიბება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მსგავსი რამ აქამდე არ არსებობდა. მისივე ცნობით,  სმენადაქვეითებული და უსინათლო ადამიანების საჭიროებები მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
alt
"ეს არის ინოვაციური პროექტი და პირველად ხდება ამიერკავკასიაში. სანამ გავხდებოდი საჯარო მოხელე, ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც შეხება მქონდა შშმ პირებთან. აქედან გამომდინარე სურვილი მქონდა მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში ვიყავით პოლონეთში და მივიღეთ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება, რასაც ჩვენს ბენეფიციარებთან მუშაობის დროს გამოვიყენებთ. საკრებულო და მერია მზად ვართ დავეხმაროთ მათ და ის პრობლემები გავითვალისწინოთ, რაც ჩვენს ბენეფიციარებს აქვთ. წლევანდელ ბიუჯეტში მათი საჭიროებების გათვალისწინება ვერ მოესწრო, თუმცა ისინი მომდევნო წლების ქალაქის ფინანსურ დოკუმენტში აუცილებლად აისახება",- თქვა ირუზა კაკავამ.
alt
პოლონეთის განვითარების პროგრამის  დეპარტამენტის ვიცე-დირექტორი  მარეკ კუბერსკის თქმით, საქართველოში ისინი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"საქართველო არის ერთ-ერთი პრიორიტეტი პოლონეთისთვის. მანამდე საქართველოში არავის არ უმუშავია ამ მიმართულებით და ეს თემა არ იყო წინ წამოწეული. პოლონეთს ამ მიმართულებით აქვ უდიდესი გამოცდილება და გვინდა, რომ ეს საქართველოს გავუზიაროთ", - აღნიშნა კუბერსკიმ.

პროექტის ფარგლებში მოხდა  სპეცპედაგოგების გადამზადება პოლონელი ექსპერტების მიერ. ასევე, იგეგმება სასწავლო ვიზიტი ვარშავაში და სხვა მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. გარდა ამისა კლუბს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა.



Print