ახალი ამბები
ზვიად გამსახურდიას შვილები მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მამის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურის წინ შიმშილობას იწყებენ. კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორ კვირაში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა იწურება და შესაძლოა, რომ საქმე კითხვებზე პასუხების გაუცემლად შეწყდეს.

„პროკურატურამ საქმე მიიყვანა იქამდე, რომ შესაძლოა, საქმე შეწყდეს ხანდაზმულობის ვადის გამო და კითხვებზე პასუხების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან ვაწვდვიდი სიას იმ ადამიანებისა, რომლებმაც შესაძლოა, იცოდნენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ან იყვნენ მონაწილეები ამ ამბის. მე არ ვიცი რის გამო, უნიათობის თუ პოლიტიკური ნების არარსებობის, მაგრამ ფაქტია, საქმის მკვლელობად გადაკვალიფიცირების შემდეგ არაფერი გაკეთებულა. კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს იმდროინდელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომელიც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. სხვა არაფერი დაგვრჩენია მე და ჩემს ძმას, გარდა იმისა, რომ შიმშილობით და პროტესტით მოვითხოვოთ იმ ადამიანების დასჯა, ვინც ჩაიდინა დანაშაული“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

ის საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აქციის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ კონკრეტული პირები პასუხისმგებაში არ მიეცემა.

თავის მხრივ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება გამსახურდიებისთვის აქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა, თუმცა ძმებმა გამომძიებელთან და პროკურორთან შეხვედრა არ ისურვეს.

Print