ახალი ამბები
„საქართველოს დანიშნული პრეზიდენტი ჰყავს“ - ზუგდიდში ხმაურიანი აქცია დასრულდა (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდში დასრულდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, რითაც ოპოზიციურმა პარტიამ და მისმა მხარდამჭერებმა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის.

alt

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ენმ-ის ლიდერებმა და აღნიშნეს, რომ ქართველ ხალხს ზურაბიშვილი არ აურჩევია და რეგიონში შს მინისტრის თაოსნობით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძალადობით და მუქარით ჩატარდა.

alt



„ქართველ ხალხს არ აურჩევია ზურაბიშვილი, ის დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა და ხალხი ამას არ შეეგუება. წინასაარჩევნო კამპანიას ზუგდიდში ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ია კერზაიაზე განხორცილებულმა ზეწოლამ და მთელმა ამ მას მოუღო ბოლო. სწორედ ამას და დღევანდელ ინაუფურაციას ვაპროტესტებთ“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

alt

თავად აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ზურაბიშვილს არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ. მათ ხელში ეჭირათ  არა სალომეს!“ „STOP RUSSIA”, “ქართული ოცნება კლავს!“.

alt

„77 წლის კაცი ვარ და ასეთი გაყალბება არ მინახავს. 2012 წელს მე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ვიყავი, მაგრამ ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ. ისეთი უკანონობები ჩაიდინეს, რომ ეს არ დაიმალება. სადაც ხალხია, იქ ვდგავარ მეც“, - აღნიშნა ენმ-ის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა რევაზ გუგუჩიამ.

აქციის მონაწილეებმა გუბერნიის შენობაში კარტოფილის და ხახვის შეტანა სცადეს, თუმცა მათ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, მათ სამართალდამცავებს სთხოვეს, რომ შენობაში კარტოფილი და ხახვი თავად შეეტანათ და გიორგი გახარიასთვის გადაეცათ, როცა ის მოვიდოდა. სწორედ ამან გამოიწვია ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციელებსა და შეკრებილებს შორის. საბოლოოდ, მათ კარტოფილი და ხახვი, როგორც, მათივე თქმით, ზუგდიდში არჩევნების გაყალბების სიმბოლო, შენობის კიბეებზე დაყარეს.

alt

სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია, რომელზეც 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, უკვე დასრულებულია. ლიდერების ინფორმაციით, მათი პროტესტი არ წყდება და პერიოდულად აქციები დაანონსეს. 

ამავე თემაზე:

კარტოფილი და ხახვი გუბერნიასთან - ოპოზიცია ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებს (ვიდეო, ფოტო)

Print