რეგიონი
ფილმი „იესო“ აფხაზურ ენაზე ითარგმნა
რეჟისორ ჯონ ჰეიმანის ფილმი „იესო“ აფხაზურ ენაზე მიმდინარე წელს ითარგმნა. „აბხაზია ინფორმის“ ცნობით, თარგმანზე ფილოლოგი არდა აშუბა, ხოლო მის დუბლიაჟზე მსახიობი და თეატრალური რეჟისორი ჯამბულ ჟორდანია მუშაობდნენ. მსოფლიოში აღნიშნული ფილმის პოპულარიზაციას ქრიტიანული მისიონრეული ორგანიზაცია "Campus Crusade for Christ" ეწევა. მისიონერების მუშაობას „ქრისტიანული ურთიერთდახმარების ფონდი“ კურირებს.

იესო ფილმში აფხაზური დრამატული თეატრის მსახიობის დაურ არუხაძის ხმით საუბრობს. როლები ასევე გაახმოვანეს მსახიობებმა: სერგეი სანგულიამ, რომან საბუამ, თარმაზ ჩამაგუამ, იზოლდა არუხაძემ, საიდ კამკიამ, ლანა გერგიამ, მდარ საქანიამ, ასლან ანქვაბმა და სხვებმა.

აფხაზურ ენაზე ფილმის პრემიერა სოხუმში ამ დღეებში შედგა.

ფილმი „იესო“ ჯონ ჰეიმანის რეჟისორობით, კორპორაცია “ინსპირეიშნლ ფილმზის“ მიერ 1979 წელს შეიქმნა. ის მსოფლიოს 1 700 ენაზეა ნათარგმნი. 

Print