ახალი ამბები
პირველი ახალგაზრდული ფორუმი ზუგდიდში (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში პირველი ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შედგა. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ფორუმის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ხელშეწყობა და ამ პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებისა ჩართვა. 


„ეს არის ახალგაზრდების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების აღჭურვას შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, რომ იყვნენ გათვითცნობიერებულები მნიშვნელოვან საკითხებზე და თვითმმართველობამდე მიიტანონ ისინი“, - თქვა გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის მენეჯერმა მარიამ ბანძელაძემ.

alt

ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ აღნიშნა, რომ დღეს გამართული ღონისძიება ამ ტიპის პირველი ახალგაზრდული ფორუმია და შესაბამისად, დღევანდელი დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ზოგადად ახალგაზრული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მუშაობაც მიმართულია იმისკენ, რომ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით შევძლოთ ახალგაზრდების განვითარება, ახალგაზრული პოლიტიკის დოკუმენტის, სტრატეგიის გეგმის შექმნა და შესრულება“, - აღნიშნა რუსუდან ყალიჩავამ. 

ფორუმზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

alt

„ერთ-ერთი გზა, რითაც შევძლებთ, რომ გავააქტიუროთ და ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდები, არის გეგმის შემუშავება. სწორედ ამას ემსახურება  დოკუმენტი, სადაც გარკვევით წერია, რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა ჩართულობის გასაძლიერებლად,“ - თქვა ექსეპრტმა ახალგაზრულ საკითხებში ნინა გოგოლაძემ.

alt

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა დავით შამათავამ კვლევის ,,ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების მოკვლევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია წარადგინა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართთულობა, გაძლიერება და განვითარება მათი ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია და მუნიციპალიტეტი ამაზე აქტიურად მუშაობს.




„მჯერა, რომ ფორუმი ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, სამოქმედეო გეგმა იქნება ჩვენთვის“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

შეხვედრას ახალგაზრდები, საკრებულოს წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები დაესწრნენ.

ფორუმი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


Print