ახალი ამბები
წითლიძისა და ზოდელავას მიმართ ლევან შონიას სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას სარჩელზე ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოცხადებული, თუმცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სხდომაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 21 დეკემბერს გამოაცხადებს.

მისი განმარტებით, საქმის მასალები გადაწყვეტილების გამოსატანად დამატებით დროს მოითხოვს.

მანამდე შონიასა და ენმ-ის სამეგრელოსა და ზუგდიდის ორგანიზაციების ლიდერების წარმომადგენლებმა როლანდ შონიამ და მირანდა გოგოხიამ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ყოფილი გუბერნატორის ინტერესების დამცველის როლანდ შონიას მტკიცებით, წითლიძისა და ზოდელავას მიიერ ლევან შონიას მიმართ გაკეთებული საჯარო განცხადებები მიზნად ისახავდა გუბერნატორის ღირსებისა და პატივის შელახვას. სასამართლოზე სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული მასალები წაიკითხეს, სადაც ოპოზიციური პარტიის წევრები შონიას კონტრაბანდულ საქონელთან, სხვადასხვა ბიზნეს ინტერესთან და ოკუპირებული აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტის გადმოტანის კონტროლში ადანაშაულებენ.

თავის მხრივ, ზოდელავასა და წითლიძის ინტერესების დამცველმა მირანდა გოგოხიამ პროცესზე თქვა, რომ არცერთი განცხადება საჯარო პირის მიმართ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოს არ გაცდენია. მან ასევე დასძინა, რომ სწორედ ამ განცხადებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ კონსტრაბანდასთან დაკავშირებით.

როლანდ შონიას მოსამართლეს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ მოსარჩელე მხარის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რასაც არ იზიარებს მირანდა გოგოხია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ანა წითლიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის ივნისში შეიტანა. როგორც მაშინ შონიას პრესსამსახურმა განმარტა, საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებაში წითლიძისა და ზოდელავას მიერ გუბერნატორის „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებას.

ამავე თემაზე:

ზოდელავასა და წითლიძის წინააღმდეგ შონიას საჩივარზე გადაწყვეტილება 19 დეკემბერს გამოცხადდება


Print