ახალი ამბები
მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - საჯარო დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვლევის „მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართა. აღნიშნული კვლევა ასოციაცია „ათინათმა“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მოქალაქეთა ძალისხმევა საერთო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში, ჩაატარა. მისი მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც პროექტის კოორდინატორმა მაკა გოგოხიამ აღნიშნა, ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის ანალიზმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია აქვს და ხშირად ისინი არც კი იცნობენ თავიანთ მაჟორიტარ დეპუტატს. გოგოხიას თქმით, გამოკითხულთა ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობაში საკუთარ თავსაც ადანაშაულებს, რაც მოქალაქეების ინერტულობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო ენდობა, ვიდრე ადგილობრივ ხელისუფლებას.
alt
„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აქტიურმა მოქალაქეებმაც კი არ იციან მთავრობის ანგარიშების მექანიზმების შესახებ. მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიგო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კვარტალურად წარადგენს ანგარიშებს და არა წელიწადში ერთხელ. ანგარიშგებაც ვიწრო წრეში ხდება და მოსახლეობა მასიურად არაა ჩართული. მოსახლეობაში არ ვრცელდება წარმატების მაგალითები. ასევე, არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. მნიშვნელოვან ნაწილს არ ააქვს ინფორმაცია პეტიციებზე. ამასთან, მოსახლეობამ არ იცის საბიუჯეტო პროცესში ჩართვა, არ აქვთ ინფორმაცია სოციალური პროგრამების შესახებ“, - თქვა გოგოხიამ.

როგორც შეხვედრაზე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, საკრებულო და მერია ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და უფრო მეტია გასაკეთებელი.
alt
„კვლევამ გვაჩვენა, რომ გვაქვს გარკვეული გამოწვევები და საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია, რომელიც იქნება ინტერაქტიული, როგორც ინფორმაციის თვალსაზრისით, ასევე მათგან პრობლემების იდენტიფიცირებით. ამაში კი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ეს პროექტი, რომელიც დღეს წარმოადგინა "ათინათმა" და NDI-იმ. მაჟორიტარები, რა თქმა უნდა არიან, აქტიურები, თუმცა აუცილებელია მათი აღჭურვა ყველა იმ ლეგიტიმაციით, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერით, რათა პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ უნდა გააჩნდეთ იმის საშუალება, რომ ოპერატიულად მოაგვარონ ის. ამ შემთხვევაში მოიხსნება ის სტერეოტიპი, რაც მოსახლეობას აქვს, რომ მათი ჩართულობის მიუხედავად პრობლემები არ იქნება ჩვენს სამოქმედო გეგმაში ასახული“, - ამბობს მამუკა წოწერია.

რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომელიც საჯარო დისკუსიას ესწრებოდა, აღნიშნა რომ კომუნიკაციის ნაკლებობა არის, თუმცა ეს გარკვეულწილად მოსახლეობის დამსახურებაც არის.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ, დეპუტატები ყველა არასამთავრობოს შეხვედრას ვესწრებით და ვცდილობთ ის პროგრამები, რაც იქნება შემოთავაზებული მოვარგოთ მოსახლეობას. ისინი ჩართულები არიან და იღებენ იმ სარგებელს, რაც აქვს მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა სოფელ ხურჩის მაჟორიტარმა ირუზა კაკავამ.
alt
შეხვედრაზე მყოფმა საზოგადობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ მათ შეხვედრებს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი ესწრება და სხვებს ურჩიეს, რომ მაგალითი მათგან აიღონ.

„ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ საზოგადოების მოტივაცია და ჩართულობა, რომ გადაილახოს ეს ნიჰილიზმი. გამოიყენეთ ის რესურსი, რაც აქვს სამოქალაქო სექტორს. მიეცით თქვენს მოქალქეებს შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ეს სასიკეთო რესურსი, რათა გაიუმჯობესონ თავიანთი პირობები“, - თქვა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ.





Print