რეგიონი
რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობა“კიდევ ერთი ვადით სურს
სოხუმში პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ მიერ გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2019 წელს დაგეგმილ "საპრეზიდენტო" არჩევნებზე პოლიტიკურ ძალებს ჯანსაღი კონკურენციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, "კონსტიტუცია არავის გაუქმებია და არჩევნები კანონით განსაზღვრულ ვადებში ჩატარდება".

„საკუთარი კანდიდატურის წარდგენა შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს მართოს ჩვენი ხომალდი და ნათელი მომავლისკენ წაიყვანოს ის. მათ შორის, ეს უფლება მეც მაქვს", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. 

მან აღნიშნა, რომ აცნობიერებს შეცდომებს, რაც მისმა მთავრობამ მმართველობის პერიოდში დაუშვა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ის მზად არის, გამოასწოროს ისინი და გააგრძელონ აქტიური მუშაობა.

აფხაზეთის ახალგაზრდობის ნაწილმა ოქტომბერში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. შესაბამისი მიმართვა სოხუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე გაკეთდა. ფორუმის მონაწილეებმა თავის მიმართვაში მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლება. მათ აღნიშნეს, რომ დაპირებების დიდი ნაწილი, რომელიც მათ მოსახლეობას ოპოზიციაში ყოფნისას და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისცეს, შეუსრულებელია.

„მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუარესდა, გაიზარდა ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების და მსხვერპლით დასრულებული საგზაო შემთხვევების რიცხვი,  კორუფციამ საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია“, - ნათქვამია მიმართვაში.

ახალგაზრდები თვლიან, რომ „ქვეყანა არასტაბილურ, საშიშ პერიოდში იმყოფება, რასაც შეიძლება არაკონტროლირებადი მასობრივი გამოსვლების მოჰყვეს,“, აქედან გამომდინარე, მათ მოუწოდეს რაულ ხაჯიმბას ნებაყოფლობით მოიხსნას უფლებამოსილება და გადადგეს. 


Print