ახალი ამბები
რატომ დაგვიანდა საახალწლო განათებების მოწყობა ზუგდიდში
ზუგდიდში საახალწლო განათებების მონტაჟი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხელშეკრულების თანახმად კი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი ლაითთან“ დადო, საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის მოწყობა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა ჩაბარებულიყო.

რადიო „ათინათი“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ ვერ მოხერხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურების სრულად მიწოდება. კომპანიაში გვითხრეს, რომ ე.წ. შავი სამუშაო შესრულებულია.

„ძალიან დიდი მოცულობის შეკვეთა იყო და მესამედი თანხაც არ გვქონდა, ფაქტობრივად, ამიტომაც, მოგვცეს ასე ვთქვათ, საშუალება, რომ მაქსიმალური ვადა გვქონოდა. ერთიანი ძალებით ვაკეთებთ ყველაფერს. არის ისეთი ტექნიკური დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, დენის წყაროსთან დაერთების, ზოგიერთი ადგილი არ იძლევა საშუალებას, რომ სამუშაო ჩაატარო, ხანდახან იმპროვიზაციაც არის, რომ რაღაც შეიძლება სხვა ლოკაციაზე გადავიტანოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, 25-ში აუცილებლად მზად იქნება ყველაფერი და აენთება“, - გვითხრეს "სითი ლაითში".

ზუგდიდის მერიაში კი განმარტავენ, რომ ხელშეკრულების ვადის გადაწევა დამატებითმა სამუშაოებმა გამოიწვია და საახალწლო განათებები ნაძვის ხესთან ერთად 25 დეკემბერს ჩაირთვება. რაც შეეხება დამატებით სამუშაოების ხარჯს, მერიაში ამბობენ, რომ ხარჯებს კომპანია დაფარავს.

2018-2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დეკორაციების შესაძენად 327 ათასამდე ლარი დაიხარჯება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში საახალწლო მზადება დაიწყო

ზუგდიდში საახალწლო განათებების მოწყობა მერიას სულ მცირე 324 ათას ლარამდე დაუჯდება 

როგორი იქნება საახალწლო განათებები ზუგდიდში (ფოტო)
Print