რეგიონი
ოპოზიციამ ტურიზმის მიმართულების ააიპ-ის ჩამოყალიბებას მხარი არ დაუჭირა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ ტურიზმის მიმართულებით ახალი ინტერმუნიციპალური ააიპ-ის შექმნას მხარი დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მსგავსი ცენტრის არსებობა მიზანშეწონილია, რადგან ის ხელს შეუწყობს მთელ რეგიონში ტურიზმის განვითარებას. მისივე თქმით, დღეს საკრებულომ ააიპ-ის მხოლოდ დაფუძნებაზე იმსჯელა, ხოლო მის სტრუქტურაზე მომავალში იმუშავებენ. 

აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა. ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძე დაინტერესდა, რა საჭიროა ახალი ააიპ-ის დაფუძნება, მაშინ როცა მერიაში ტურიზმის განყოფილება არსებობს და ამ კითხებზე პასუხის გასაცემად იდეის ავტორები დაიბარა. "ევროპული საქართველოს" წევრმი ბათლომე შელია კი მიიჩნევს, რომ ამ ააიპ-ის სრულყოფილი და საჭიროებისამებრ ფუნქციონირების იმედი არ აქვს.

ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ ააიპ-ი მუნიციპალიტეტების მხრიდან მცირე დაფინანსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევას ითვალისწინებს.
Print