ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში ააიპ-ების შემსწავლელი კომისია შეიქმნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის ააიპ-ების შემსწავლელი ჯგუფის შექმნას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი ააიპ-ების სტრუქტურული ოპტიმიზაციაა.

„ახლა სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხებია მოსაწერიგებელი. ცხადია, ეს იქნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორს საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლები. ასევე, მოვიწვევთ ექსპერტებსაც“,- თქვა წოწერიამ.

ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციაც. ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, მათ ააიპ-ებთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია აქვთ გაცემული.

„იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს ეს ააიპ-ები, არის ზედმეტი ხარჯები და არავითარი შედეგი მუნიციპალიტეტისთვის არ მოაქვს. ახლა მიხვდა ამას საკრებულო, მაგრამ იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში გაბერილ შტატებში დასაქმებულებს ხელფასი ვუხადეთ, ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? ჩვენ გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები და მკაცრად გავაკონტროლებთ, როგორი იქნება ამაზე უმრავლესობის პოზიცია“, - აღნიშნა წითლიძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ფრაქცია „კონსერვატორებიდან“ კონსტანტინე კაკავამ მერიის ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით საკრებულოს 7 დეკემბერს მიმართა. მისი თქმით, გაერთიანების შემდეგ ააიპ-ების საქმიანობა არაეფექტური გახდა როგორც შედეგის, ასევე, ხარჯების თვალსაზრისით. მის ამ ინიციატივას საკრებულოს სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.

ამავე თემაზე:

საკრებულოს წევრი ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფის შექმნას ითხოვს (ვიდეო)
Print