ახალი ამბები
ხურჩაში კონფლიქტის პირა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ ხურჩაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე : „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფელში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. ხურჩის მცხოვრებლები ამბულატორიის მოწყობას და ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. გარდა ამისა, მათ აღნიშნეს, რომ ხშირად ეკარგებათ მსხვილფეხა საქონელი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის და უკან არ ბრუნდება. ადგილობრივის ლეილა ეხვაიას თქმით, მას ათი დღის წინ ორი მსხვილფეხა საქონელი დაეკარგა და ეს პირველად არ ხდება.
alt
„ადრე რუსებს ვთხოვდით და რაღაცნაირად შეგვეძლო დაბრუნება. ახლა ორი დღეს წინ ვთხოვე მესაზღვრეებს, მაგრამ უარი მითხრეს დახმარებაზე. საქმის კურსშია პოლიციაც, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ“, - ამბობს ეხვაია.

ხურჩის მაჟორიტარი დეპუტატის ირუზა კაკავას თქმით, დასახელებული პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია, ნაწილი - განხილვის ეტაპზეა. რაც შეეხება საქონლის დაკარგვას, ამბობს, რომ ეს რთული თემაა და მერიის დონეზე ვერ გადაწყდება.



„ჩემს თემში იყო ტრანსპორტირების პრობლემა. კვირაში ერთი დღე დადიოდა მხოლოდ, ახლა უკვე დადის კვირაში ორჯერ. მოსახლეობა ითხოვს, რომ კვირა დღესაც დაემატოს და ესეც არის მოგვარებადი. მათი მოთხოვნა იყო წისქვილი და ის უკვე ამოქმედდა და სარგებლობს მოსახლეობა. რაც შეეხება, საქონლის დაკარგვას ეს ძალიან რთული საკითხია“, - თქვა ირუზა კაკავამ.

შეხვედრის ორგანიზატორის ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლის ხათუნა გოგუას თქმით, მრგვალი მაგიდის მიზანია სოციალური, ინფრასტრუქტურული და სხვა ტიპის პრობლემების გამოვლენა და მათი დროული მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
alt
„ძალიან ხშირად კონფლიქტებს და კრიზისულ სიტუაციას ქმნის მოუგვარებელი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები. ხურჩის თემთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ვიცით აქაური პრობლემები და გვინდა ის საკითხები მოვაგვაროთ, რომლებიც ძალიან აქტუალურია. პრობლემაა, რომ სოფელს არ აქვს სამედიცინო პუნქტი და ჩვენ რა თქმა უნდა ამ საკითხის მოგვარებაზეც ვიმუშავებთ“, - აღნიშნა მან.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ კახათის, დიდი ნეძის, კოკის, ორსანტიის და ხურჩის თემების სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.

Print