ახალი ამბები
ლევან შონიას სარჩელი წითლიძის და ზოდელავას წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას სარჩელზე ანა წითლიძისა და მურთაზ ზოდელავას

წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შონიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებით, ანა წითლიძეს დაევალა, რომ უარყოს მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც „რუსთავი 2-მა“, ინტერნეტ გამოცემა „ლაივპრესმა" და რადიო „ათინათმა“, გაავრცელეს. საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერის წითლიძის ბრალდებებზე შონიას მისამართით, რომ ის კონტრაბანდას "მფარველობდა".


რაც შეეხება პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერს მურთაზ ზოდელავას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან უნდა უარყოს ყოფილი გუბერნატორის მისამართით გაკეთებული კომენტარები იმის შესახებაც, რომ შონიას კავშირი ჰქონდა ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან.

"გადაწყვეტილება სამართლიანია და კიდევ ერთხელ დადასტურდა "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულობა და ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც პირდაპირ გუბერნატორის ინსტიტუციის დაზიანებას გულისხმობდა", - აღნიშნა შონიას ინტერესების დამცველმა როლანდ შონიამ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს თავად ანა წითლიძე და მას პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებს.

"არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, რადგან ეს განცხადებები არ არის ცილისწამება. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მოსამართლემ შეასრულა", - თქვა წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წევრები გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ზუგდიდში კორპუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, საუბარია კონკრეტულ საქმეებზე, რომელზეც განცხადება ოპოზიციურმა ფრაქციამ თვეების წინ შეიტანა და რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად კი ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი ზუგდიდის მერი და ყოფილი ვიცე მერი ფიგურირებენ.

ამავე თემაზე:

წითლიძისა და ზოდელავას მიმართ ლევან შონიას სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო


Print