ახალი ამბები
ზუგდიდში მომავალი წლიდან ახალი სასკოლო ოლიმპიადა დაიწყება (ვიდეო)
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კომპანია „კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადის“ (CIO)  პრეზენტაცია გაიმართა.  CIO მე-3-დან მე-12 კლასამდე მოსწავლეებისთვის სასკოლო ოლიმპიადებს გამართავს. კომპანიის დამფუძნებლის თაბუკა ჯიქიას თქმით, ოლიმპიადის ძირითადი მიზანია სკოლებში  ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, წახალისება და მათთვის მოტივაციის ამაღლება. მისივე ცნობით, ტესტირებები მათემატიკაში, ინგლისურ და ქართულ ენებში  2019 წლის იანვრიდან დაიწყება.

„ოლიმპიადა სხვებისგან განსხვავდება მისი ინოვაციური წამოწყებით  ბაზარზე, რაც გულისხმობს ტესტირების ჩატარებას ინდივიდუალურად კომპიუტერებთან. CIO-ს ელექტრონული სისტემა  მიახლოებულია საატესტატო გამოცდების სტრუქტურასთან, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურ ადაპტირებასა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსგავსი გამოცდილება მოსწავლეს უყალიბებს დროის ეფექტურად მართვის უნარს“, - თქვა თაბუკა ჯიქიამ.
alt
ტესტირებას მატერიალურ-ტექნიკური ბაზით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.



„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტია. ჯერჯერობით ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, თუმცა ის გახდება ფართომასშტაბიანი, რის გარანტიასაც ის მხარდაჭერა მაძლევს , რაც ამ პროექტს უნივერსიტეტიდან აქვს. ის გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებით ოლიმპიადის ჩატარებას“, -აღნიშნა უნივერსიტეტის ლექტორმა თეონა ხუფენიამ.

კომპანიის პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის და  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია "მარმაქს ჯორჯია".


Print