ახალი ამბები
ფოთში "ჯეოსელის" ოფისის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
სამართალდამცავებმა ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ბ. ქურდობის ბრალდებით ფოთში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, დაკავებულებმა ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print