ახალი ამბები
სუს-მა ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.


"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების - გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ასიდან სამას საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Print