ახალი ამბები
TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოებში 54 ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ სამს ჰქონდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოების 54 ფრაქციიდან 51-ს რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია, ამავე პერიოდში კი ფრაქციების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებისთვის და სხვა ხარჯებისთვის 1.6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საუბრობს“. მათ მოამზადეს კვლევა, რომელშიც მოცემულია ფრაქციების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები და ინიციატივები.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკრებულოს წევრებისათვის ფრაქციის შექმნა ხელფასის მიღების საშუალებას იძლევა, რადგანაც ზოგადად საკრებულს წევრობა არაანაზღაურებადი საქმიანობაა, რასაც, TI-ის შეფასებით, ერთგვარი მანკიერი პრაქტიკის სახე აქვს მიღებული, „ფრაქციათა აქტივობები და მათზე გაწეული ხარჯები კი შეუსაბამოა”, - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 54 ფრაქციიდან ინიციატივები ზუგდიდის საკრებულოს 3 ფრაქციას (“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, “კონსერვატორები” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) ჰქონდა.

„ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული საკითხების უმრავლესობა იყო შუამდგომლობები კონკრეტული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, შუამდგომლობების უმეტესი ნაწილი არ დაკმაყოფილდა, მუნიციპალიტეტის პოზიციით მიზეზი იყო ის, რომ მოქალაქეთა ნაწილი შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. რაც შეეხება ზუგდიდის სარებულოს ფრაქციების “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და “კონსერვატრები” ინიციატივებს, მათ მიერ წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტები საკრებულომ მიიღო“, - აღნიშნულია კვლევაში.


რაც შეეხება ფრაქციების მიერ გაწეულ ხარჯებს, ამავე ცნობით, ფრაქციების წევრთა სახელფასო ანაზღაურებაზე, საკვლევი პერიოდის განმავლობაში, ჯამში 1,543,736 ლარია დახარჯული.

alt

ორგანიზაციაში ამბობენ. რომ საწვავის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მათ არ მიაწოდეს მესტიის, წალენჯიხისა და ხობის საკრებულოებმა, ამიტომაც აღნიშნული მონაცემი კვლევაში არ არის სრულად წარმოდგენილი. ჯამში კი, TI-ის ინფორმაციით, ფრაქციების მიერ 55150 ლიტრი საწვავი გაიხარჯა, რომლის ღირებულებამაც 89913 ლარი შეადგინა.

alt

გამოქვეყნებულ მასალაში ასევე ნათქვამია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოების ფრაქციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე საკვლევი პერიოდის განმავლობაში 20 443 ლარი, სამივლინებო ხარჯებზე კი 7 837 ლარი დაიხარჯა.

alt

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკრებულოებს ფრაქციების რაოდენობის ზედა ზღვარი, საქმიანობის რაიმე, განსაკუთრებული წესები არ აქვთ განსაზღვრული. და ის საკრებულოს დადგენილებით რეგულირდება.

„ყველა საკრებულოში ფრაქციების მაქსიმლაური რაოდენობაა შექმნილი, მათ საქმიანობაზე გასაწევი ხარჯი კი მნიშვნელოვან საბიუჯეტო ტვირთს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნა შემოღებული, რამაც სახელფასო ტვირთი კიდევ უფრო გაზარდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათშიმითითებული მოლოდინი, რომ ახალი თანამდებობა ფრაქციის საქმიანობის ეფექტურობას გაზრდიდა, არ გამართლდა, როგორც ეს ჩვენი კვლევით დასტურდება“, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი ორიენტირებული უნდა იყოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდაზე. TI მიიჩნევს, რომ ფრაქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად, ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად და მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებისთვის, შესაბამისად, არასამთავრობო ფრაქციებს მოუწოდებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.

ფოტოსქრინები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
Print