ახალი ამბები
"სამეგრელოს ხმის" ლიდერი ყოფილი გუბერნატორის დასჯას ითხოვს
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ბრიფინგი გამართა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას დასჯა მოითხოვა. მისი თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, რაც, მისი თქმით, ზუგდიდში რამდენიმე მაღალჩინოსნის საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა.

„ლევან შონია, რომელიც იყო მთავარი პროდიუსერი კორუფციული სქემის, ხელისუფლებამ მაინც დაინდო და შონიას ხელქვეითი კორუფციული აზროვნების სხვა ტიპები დღეს არიან გამოკეტილი. მათი ოჯახები მეცოდება. კანონი არ უნდა იყოს შერჩევითი. მივაღწიე, რომ შონია დასჯილიყო, მაგრამ ეს არ არის ბოლომდე შესრულება. სანამ შონაის არ ექნება სწორი განაჩენი, მანამ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ეს იქნება სამართლიანობის სრულფასოვანი აღდგენა“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯგუშიამ.

მასთან ერთად დღეს მისი თანამოაზრეებიც იმყოფებოდნენ. ჯგუშიამ განმარტა, რომ 2019 წელს მისი მოძრაობა გააქტიურდება და არ დაუშვეს, რომ ზუგდიდს „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული მერები ჰყავდეს.

„ზუგდიდს უნდა ჰყავდეს არა ხელისუფლებისგან „დარჭობილი“, არამედ ხალხის მეირ არჩეული მერი, რომელიც მათ წინაშე იქნება პასუხისმგებელი“, - დასძინა ჯგუშიამ.

ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

ამავე თემაზე:

ყოფილ გუბერნატორს გირაო შეეფარდა 
Print