ახალი ამბები
აბაშაში პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა აბაშაში პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ც.-მ 2018 წლის 6 დეკემბერს, გვიან ღამით, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას მიმართ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდნენ.

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული პოლიციელები სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გ.ც.-ზე კი ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი გ.ც. წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print