ახალი ამბები
მესტიის საკურორტო ზონებში ფრენებს ავსტრიული კომპანია განახორციელებს
ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“მესტიის საკურორტო ზონებში ფრენებს 15 იანვრიდან 15 აპრილამდე განახორციელებს. თანამედროვე ვერტმფრენები „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR). კომპანიის ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას. აქვე ავღნიშნავთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია გამარტივებული პირობებით - ოპერირების დაწყებამდე ფრენის გეგმის (Flight Plan) მიწოდებით შპს „საქაერონავიგაციისთვის““, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, ფრენების განხორციელების ნებართვა „Wucher Helikopter Gmbh“-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2019 წლის 4 იანვარს გაიცა.

Print
თეგები: მესტია / კურორტი /