ახალი ამბები
პაციენტი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის ნიშნებით მოათავსეს, გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, პაციენტი მესტიის საავადმყოფოდან კატასტროფის სამსახურმა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შემოიყვანა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი პირველ იანვარს შემოიყვანეს და ის ოთხ იანვარს გარდაიცვალა.

„პაციენტი შემოიყვანეს მესტიიდან. მას ჰქონდა გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები: ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ყელის ტკივილი, ქოშინს ერთკვირიანი ანამნეზი. მდგომარეობა იყო მძიმე. ფილტვების კვლევით აღმოჩნდა ორმხრივი პნევმონია, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, იყო მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ ჰქონდა თანხმლები მძიმე დაავადებები“, - თქვა სულხან ორჟონიამ.

მისვე თქმით, იმის დასადგენად  H1N1 გრიპის ვირუსი, ანალიზი  გაგზავნილია, თუმცა პასუხი საავადმყოფოში ჯერ არ მიუღიათ.

ზუგდიდის საავადმყოფოში ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მკურნალობას ხუთი პაციენტი გადის. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მგდომარეობა საშუალო სიმძიმის არის.

ამავე თემაზე:

სულხან ორჟონია: პაციენტს, რომელსაც გრიპისმაგვარი სიმპტომები აღენიშნება მართვით სუნთქვაზეა
Print