ახალი ამბები
მერია: ყინულის სახლი უახლოეს დღეებში გაიხსნება
ზუგდიდის მერიის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ დირექტორის გოჩა ჩიქოვანის ინფორმაციით, ყინულის სახლი სკეიტპარკის ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში გაიხსნება. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოების ჩატარების პროცედურები მიმდინარეობს და მერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

„იყვნენ ექსპერტები ჩამოსულები და ველოდებით პასუხს. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მაშინვე დაიწყება ბავშვების მიღება და ფუნქციონირება. ალბათ, ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ასევე, ფიგურული სრიალის ფედერაციასთან ვართ შეთანხმებული და ორ სპეციალისტს მოვიწვევთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჩიქოვანმა.

რაც შეეხება კითხვას, რა ოდენობის თანხაა გათვალისწინებული ყინულის სახლის მოვლა-პატრონობისთვის, ჩიქოვანმა გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შეუძლია.

„ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, რადგან აქ ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი ცენტრის ბიუჯეტში ყინულის სახლისთვის არის თანხა გამოყოფილი, თუ რამე დამატებით საჭიროებამ მოითხოვა, დაფინანსების სხვა წყაროების მოძიებასაც დავიწყებთ“, - აღნიშნა გოჩა ჩიქოვანმა.

ზუგდიდის ყინულის სახლში რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდა. ბოლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიერ ყინულის სახლის რეაბილიტაცია 407 830 ლარი დაუჯდა. ყინულის მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამავე თემაზე:

ყინულის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა 
Print