ახალი ამბები
გაზაფხულიდან ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ მასშაბურ ეტაპზე გადადის
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. მოკლე სიაში სამი საუკეთესო გავიდა, უახლოეს დღეებში კი ტენდერში გამარჯვებული ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა აშკარა გახდება და გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გადავა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ანაკლიის კონსორციუმიდან აცნობეს.

გარდა ამისა, ამავე ცნობით, ანაკლიის პორტში დაიწყება უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეების დამონტაჟება.

"ამ სამუშაოებზე 2000 - ზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და მათ განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა ექვსმა ლიდერმა საპორტო ამწე დანადგარების სფეროში მოღვაწე კომპანიამ მიიღო. შერჩევა ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam“- თან ერთად მიმდინარეობდა. ტენდერის გამარჯვებული მალე გამოცხადდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი წლის ანგარიში (ფოტო)
Print