რეგიონი
ფოთის მერიამ კუბოების შეძენაზე განმარტება გააკეთა
ფოთის მერია "მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის" 120 კუბოს შეძენის შესახებ განმარტებას აკეთებს. მას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ.

"გვინდა გამოვეხმაუროთ, ფოთის მერიის მიერ კუბოების შეძენასთან დაკავშირებით, საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 2 ათეული წელია ქალაქ ფოთის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას "სარიტუალო მომსახურება", რომლითაც ყოველწლიურად 100-ზე მეტი სოციალურად შეჭირვებულს, ომის ვეტერანის თუ მათთან გათანაბრებული პირებისა და უპატრონო მიცვალებულისთვის სარიტუალო სასახლის შეძენა ხდება. გარდა ამისა, ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს პროგრამა, რომლითაც მერია ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს 300 ლარით ეხმარება. ელექტრონული ტენდერით ვლინდება კომპანია, რომელიც სარიტუალო სასახლეებს, წლის განმავლობაში, მოთხოვნის შესაბამისად ამზადებს. რაოდენობა, სტატისტიკის შესაბამისად დგინდება. "სარიტუალო მომსახურება" ერთ-ერთია იმ 22 სოციალურ პროგრამას შორის, რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს",- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთის მუნიციპალიტეტმა კუბოების შესასყიდად 28 ათასამდე ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია სულ 120 კუბოს იყიდის, რომელიც ფოთში მცხოვრები "მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის" იქნება განკუთვნილი. 

ამავე თემაზე:

ფოთის მერია კუბოებს შეიძენს
Print