ახალი ამბები
სოხუმმა „ღორის გრიპის“ გამო, შესაძლოა, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეზღუდოს
საქართველოში დაფიქსირებული ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ „რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა“ ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

„სავარაუდოდ, ამგვარ ზომებს უშიშროების სამსახური და სასაზღვრო სამსახური განახორციელებს. აფხაზეთში შემოსვლა შეზღუდული იქნება“, - განაცხადა მან.

მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა“ რუსტამ ზანთარიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში H1N1 გრიპის ვირუსი არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"ჩვეულებრივი სიტუაციაა, "ღორის გრიპის" შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვაქცინაცია არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა, გრიპის რაიმე ნიშნების გამოვლენისთანავე, უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს“,- დასძინა მან.

სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისა და ჰიგიენის ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.
Print