ახალი ამბები
თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გადაარჩინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. ამავე ცნობით, თეთნულდის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე ზვავი მოწყდა.

„რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და სრიალებდნენ გაუკვალავ თოვლში, მოულოდნელად მოყვნენ სტიქიის ზონაში. თეთნუდლის სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა მომხდარზე, რამდენიმე წუთში შეძლეს ზვავში ჩამარხული რუსი მოქალაქის გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში. კომპანია დამსვენებლებს მოუწოდებს, რომ უსაფრთოხების მიზნით, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.



Print