რეგიონი
ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა (ვიდეო)
ენგურის ხიდზე დღეს დილიდან მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ. რადიო "ათინათს" გალის რაიონის მცხოვრებმა უთხრა, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე რიგებია, თუმცა მოსახლეობას ე.წ. მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული და ენგურის ხიდს 25 იანვრამდე ვერ გადაკვეთენ.

"გასვენებაში მივდიოდი, აქ ბავშვებიანი ხალხიც არის, მაგრამ უკან გამოგვაბრუნეს. რუსი სამხედროები საერთოდ არ დაგველაპარაკნენ, ეს ინფორმაციაც აფხაზებმა მოგვაწოდეს. მათ პირბადეები აქვთ და ხელთათმანები უკეთიათ" - გვითხრა გალის მკვიდრმა.



დილიდან ენგურის ხიდი მხოლოდ 4 ადამიანმა გადმოკვეთა, როგორც გაირკვა ისინი ზუგდიდელები არიან.

რაც შეეხება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმავალ მოქალაქეებს, გადასვლას მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს. გადაადგილება შეზღუდულია სამარშრუტო ტაქსებისთვისაც. მძღოლები ამბობენ, რომ დღეს მათ არც ერთი მგზავრი არ გადაუყვანიათ, რაც მათივე თქმით, აფხაზების მიერ გამოცხადებულ კარანტინს უკავშირდება.

ამავე თემაზე:

სოხუმმა „ღორის გრიპის“ გამო, შესაძლოა, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეზღუდოს
Print