ახალი ამბები
პრეზიდენტი: რუხის საავადმყოფოს სწრაფად ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედება რეგიონისთვის და ნდობის გარღმავებისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოში იყო პირველი გასვლა, საახალწლო ღონისძიება, რომელიც თბილისიდან ზუგდიდში გადავიტანეთ. მეორე მხრივ, ენგურის ხიდზე ვიყავი და რაც ყველაზე ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, რუხის საავადმყოფო დავათვალიერეთ, რაც შთამბეჭდავია, მაგრამ არაა მოქმედი. მიმაჩნია, რომ უთუოდ უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ ამოქმედდეს ჩქარა, რამეთუ რეგიონისთვის ძალიან საჭიროა და ასევე ნდობის აწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი სრული და სწრაფი ამოქმედება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კლინიკის ამოქმედების თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მიმდინარე წლის ზაფხულში ვენტილაციის პრობლემა დაასახელა, რაც, ამ დროისთვის მოგვარებულია. გასული წლის ნოემბერში ჯანდაცვის სამინისტროში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ კლინიკის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება, თუმცა, როდიდან დაიწყებს კლინიკა პაციენტების მიღებას, უცნობია.

სამშენებლო სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება და პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა რუხში საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა

რუხის მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩასატარებელ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
Print