ახალი ამბები
ზუგდიდის მერიას 2016 წელს გათავისუფლებული 8 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2016 წელს, ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული რცა საჯარო მოხელე სამსახურში უნდა აღადგინონ. ყოფილი თანამშრომლების უფლებადამცველის საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, აღნიშნული განჩინების საფუძველზე, გამგეობის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ ადამიანების დათხოვნას ეხებოდა, არის ბათილი. მისვე თქმით, კანონის მიხედვით, ზუგდიდის მერიას ვახტანგ კუტალია, მიხეილ ქვარაია, ალიოშა ალანია, ემზარ გულორდავა, გოჩა შენგელიას და კახა კვარაცხელიას, ფრიდონ ბულიას და თენგიზ ჯიჭონაიას სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაევალა.

„უზენაესი სასმართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით, ძალაში დარჩა ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის გამგეობის გაცემული ბრძანებები, რომელიც ეხებოდა აღნიშნული თანამშრომლობის გათავისუფლებას გაუქმებულია. მას შემდეგ რაც სასამართლოს  გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, კონკრეტული პირების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს განაცდური და აღადგინოს ისინი სამსახურში, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე. თუ უახლოეს დღეებში არ მოხდება განაცდურის ანაზღაურება და მათი სამსახურში აღდგენა, ჩვენ მივმართავთ აღსრულების ბიუროს“, - უთხრა რადიო "ათინათს"  ჯემალ ჭკადუამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე 2016 წელს გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.

Print