ახალი ამბები
სოხუმი: ენგურის ხიდის გადაკვეთას გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები შეძლებენ
ენგურის ხიდზე მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მოსახლეობაში განჩნდა კითხვები. იმის გასარკვევად, დაიშვება თუ არა გამონაკლისი სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთთათვის, „აფსადგილ - ინფომ“ დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ზურაბ მარღანიას მიმართა.

ამ უკანასკნელის განმარტებით, მოქალაქეების გარკვეული კატეგორია შეძლებს ენგურის ხიდის გადაკვეთას ორივე მიმართულებით.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში მიდიან სამკურნალოდ. მათ შორის არიან ისინიც, ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიან. ჩვენი უწყება ვერ აუკრძალავს მათ აფხაზეთიდან გასავლას ან უკან შემოსვლას. ადამიანებს ხომ არ მოვკლავთ. გარდა ამისა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ენგურჰესზე და ბრიგადები უნდა გავატაროთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ჩაკეტავს სრულად საზღვარს. შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე ღორის გრიპის გავრცელების რისკის შესამცირებლად დაწესდა”, - განაცხადა ზურაბ მარღანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემოლოგიური სიტუაციის" გამო, რაც დაკავშირებულია გრიპის H1N1 ვირუსის "აფეთქებასთან", ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა ათ იანვარს 20 საათზე ორი თვით შეზღუდვები დააწესა ადმინისტრაციულ საზღვარზე.

ფოტო: abhazium.ru

ამავე თემაზე:

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა ორი თვით შეზღუდა
Print