ახალი ამბები
ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები იანვრიდან დაიწყება
სამთავრობო კომისიის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინაღმდეგ  2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ამავე ცნობით, ღონისძიებათა გეგმა მოიცავს კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ტექნიკით მოცვის არეალი გაფართოვდება, ფერმერები ინფორმაციას ამა თუ იმ დღეს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ.

კომისიამ ასევე შეაჯამა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაო, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას, მათ შორს რეგიონულ დონეზე, რასაც, მთავრობის მეთაურის დავალებით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უზრუნველყოფს.
Print