ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის ააიპ-ებიდან 60-მეტი ადამიანი გაათავისუფლეს
ზუგდიდის მერიის 4 ააიპ-იდან 2019 წელს 61 ადამიანი გაათავისუფლეს. რადიო „ათინათის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 9 იანვრის მდგომარეობით, სულ ააიპ-ებსა და შპს-ებში 2 231 ადამიანია დასაქმებული, 2018 წლის 31 დეკემბერს კი მათი რიცხვი 2 292-ს შეადგენდა.

კერძოდ, ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“ 494-ის ნაცვლად 472 ადამიანია დასაქმებული, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრში“ ამ მონაცემებით 8 თანამშრომლით ნაკლები, სულ 290 პირი მუშაობს, „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“ კი გასულ წელს 2019 წლის დასაწყისთან შედარებით 30-ით მეტი დასაქმებული იყო. წელს აქ 142-ის ნაცვლად 112 ადამიანი მუშაობს. „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრიდან“ მხოლოდ ერთითანამშრომელი გაათავისუფლეს და აქ ამჟამად 192 ადამიანია დასაქმებული.

მერიაში აცხადებენ, რომ საკრებულოში ააიპ-ების შემსწავლელი სპეციალური კომისია მუშაობს და მერია მათ რეკომენდაციებს ელოდება.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავად ააიპ-ების ხელმძღვანელები წყვეტენ თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ, ვის გაუგრძელონ და შეუწყვიტონ ხელშეკრულება. ამაში მერია არ ერევა“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის ააიპ-ების შემსწავლელი ჯგუფი 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი ააიპ-ების სტრუქტურული ოპტიმიზაციაა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში ააიპ-ების შემსწავლელი კომისია შეიქმნა


Print