ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტისთვის 11 მილიონი გამოიყო
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ „ანაკლიის პორტში“ დაუდასტურეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 262 მლნ ლარია. პროექტის განმახორციელებელი კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა, სამივე შემთხვევაში უშედეგოდ დასრულდა .

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირების ტენდერი პირველად 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მეორედ - 2018 წლის თებერვალში, მესამედ კი მაისში.

სატენდერო დოკუმენტაციაში ეწერა, რომ გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიან კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, დოკუმენტაციის თანახმად, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა შესაძლოა იტალიურმა კომპანიამ დააპროექტოს
Print