ახალი ამბები
ჩხოროწყუს ცენტრის კეთილმოწყობისთვის მერიამ ნახევარი მილიონი გამოყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრის კეთილმოწყობისთვის 500 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია ქალაქის ცენტრში ზვიად გამსახურდიასა და იაკობ გოგებაშვილის ბიუსტების დადგმა, ასევე, ქუჩის ტრენაჟორებისა და კაუჩუკის რბილსაფარიანი მოედნის მოწყობა და მიმართულებების მაჩვენებლებისა და ბანერების მონტაჟი.

გარდა ამისა, ჩხოროწყუს ცენტრში სახცხოვრებელი კორპუსების ეზოები და სავაჭრო ცენტრის ტერიტორია უნდა კეთილმოეწყოს, რამდენიმე ადგილას დაეგოს ასფალტი, განთავსდეს საჩრდილობლები, შემოკავდეს მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია, რეაბილიტირდეს მოსწავლეთა სახლები, მოეწყოს ციფრული მონიტორები. ამავე თანხით გათვალისწინებულია სანაგვე ურნების შეძენაც.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან, დაახლოებით, 200 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში მონაწილეობის მიღება 2 თებერვლიდან 7 თებერვლამდე გაგრძელდება.

Print