ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ჭაბუკა ლემონჯავას საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. როგორც რადიო "ათინათს" ბრალდებულის უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ უთხრა, რამდენიმე მოწმესთან ერთად გარდაცვლილის დედაც დაიკითხა. ჯანაშიას თქმით, კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა ლემონჯავას წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.

„კიდევ ერთხელ დავაყენე ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლემ ამჯერად არ დააკმაყოფილა. ვფიქრობ, რომ სასამართლო მომდევნო ორ თვეშიც ვერ მოასწრებს საქმის არსებითი განხილვის დასრულებას და მომავალ ჯერზე, ალბათ,  სასამართლო იძულებული გახდება იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შესახებ. მართალია, ახლა დაიწყო არსებითი განხილვები, თუმცა  ბრალდებულს მოუწია 7 თვე წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, რისი ვადაც მეცხრე თვეს იწურება“, - ამბობს იოსებ ჯანაშია.

მისივე ინფორმაციით, მოცემულ საქმეზე 70-ზე მეტი მოწმე უნდა დაიკითხოს.

2018 წლის 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აღძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

ამავე თემაზე:

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვები დაიწყო
 
Print