ახალი ამბები
სოკარის რეკომენდაციები გაზის უსაფრთხოდ მოხმარებისთვის
16 იანვარს თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ „სოკარში“ გამოძახებებმა იმატა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომპანიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, გამოძახებაზე გასული ჯგუფები ყველაფერს ამოწმებენ, თუმცა, ჯერჯერობით, მათი თქმით, ხარვეზი ან რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

ამასთან, „სოკარში“ გვითხრეს, ისინი აბონენტებს აბონირების დროს "გაზის უსაფრთხო მოხმარების წესებს“ აცნობენ, რის შემდეგაც იგი ხელს აწერს ექსპლუატაციის აქტს, რითაც, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამით ადასტურებს რომ გაეცნო გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესებს.

„2018 წლის მანძილზე, გურია-სამეგრელოში გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეულ მოწამვლის, აფეთქების ან გარდაცვალების ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - გვითხრეს „სოკარში“.

ზუგდიდში კომპანიას 24 800 აბონენტი ჰყავს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ქვემოთ შემოგთავაზებთ რჩევებს, როგორ უნდა მოიქცეს აბონენტი, თუ გაზის სუნს იგრძნობს.

შენობაში „გაზის" სუნის შეგრძნებისას:

1. იმ შემთხვევაში თუ გაზის სუნს სახლში შესვლამდე (კარის გაღებამდე) იგრძნობთ:
არ გააღოთ კარი და სასწრაფოდ დატოვეთ შენობა;
დარეკეთ შპს "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქროგგაზი"-ს საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურში -114 ან ცხელ ხაზზე - 16114.
2. იმ შემთხვევაში თუ იმყოფებით ოთახში და იგრძენით გაზის სუნი:
შესაძლებლობის შემთხვევაში დაკეტეთ გაზ დანადგარების ჩამკეტი ონკანები;
გააღეთ ფანჯარა და გაანიავეთ სივრცე:
არ ჩართოთ ან გამორთოთ ელექტრო მოწყობილობები (ნათურა, საკაბელო ტელეფონი და ა.შ) ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება;
სასწრაფოდ დატოვეთ საცხოვრებელი ადგილი და დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქროგგაზი"-ს საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურში- 114 ან ცხელ ხაზზე- 16114.
დაუშვებელია გაზის დანადგარების თვითნებური მონტაჟი!
გაზის დანადგარები (ცენტრალური ქვაბი, წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი და ა.შ.) სასურველია იყოს დახურული წვის კამერით, რაც გულისხმობს ჟანგბადის მიწოდებას შენობის გარედან და ნახშირორჟანგის გამოყოფას შენობის გარეთ.
ბუნებრივი გაზის წყვეტის დროს, სასწრაფოდ დაკეტეთ გაზის დანადგარების ჩამკეტი ონკანები;
ხანგრძლივი დროით საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში, მიმართეთ ადგილობრივ სერვისცენტრს, რათა მოხდეს ბუნებრივი გაზის დროებითი გამორთვა-დახშობა შესაბამისი აქტის გაფორმებით. საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისთანავე კი, გაზის ჩასართავად გამოიძახეთ შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის ბრიგადა.
გაზის მიწოდების აღდგენის შემდეგ გაზქურის ანთებისას, სამზარეულოს ფანჯარა (სარკმელი), უნდა იყოს შეღებულ მდგომარეობაში.


Print