ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენა გამარტივდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის და პასპორტის აღების პროცედურა გამარტივდა.

მისივე თქმით, შემჭიდროვდა ვადებიც და საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ციხელაშვილის ინფორმაციით, პროცედურა უფასოა.

„ეს ეხება ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც დაიბადა საქართველოში ამ ტერიტორიებზე, ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე ან არის ასეთი პირის შვილის შთამომავალი. უშუალოდ პროცედურა მარტივდება, ანუ მარტივდება პირის იდენტობის დადგენა მოქალაქეობის ფაქტის დადგენისთვის, მათ შორის იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც მათ აქვთ ხელთ. ამისათვის პარლამენტმა უკვე შექმნა საფუძველი“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის მამუკა ბახტაძის თქმით კი, გამარტივებული პროცედურები შესაძლებლობას შექმნის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ევროპასთან უვიზო მიმოსვლით თანაბრად ისარგებლოს.

Print