ახალი ამბები
ზუგდიდის მერია გარემოვაჭრეებს აფრთხილებს
გარემოვაჭრეებმა, რომელებიც ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის წინ ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ დახლები ხვალიდან უნდა აიღონ. მათ შესაბამისი გაფრთხილება მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან უკვე მიიღეს. როგორც მათ რადიო "ათინათს"  უთხრეს, ისინი თანახმა არიან ტროტუარიდან ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადაინაცვლონ, თუმცა შიშობენ რომ იქ გადასახადს ვერ გადაიხდიან.
alt
„დღეს იყვნენ დილით და ხვალამდე მოგვცეს დრო. ხვალ ყველა უნდა შევიდეთ. თანახმა ვართ, არც ჩვენ გვინდა ქუჩაში დგომა, თუმცა თვეში 200 ლარის გადახდა ალბათ გაგვიჭირდება და მერე რას ვიზამთ არ ვიცი“, - ამბობენ ისინი.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გაფრთხილება მხოლოდ ხილ-ბოსტანზე მომუშავეებს ეხებათ, ხოლო ტანსაცმლით მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართების მოძიება მიმდინარეობს. 
alt
"ამ ეტაპზე გაფრთხილებულია მხოლოდ ის მოვაჭრეები, რომლებიც ხილ-ბოსტანზე მუშაობენ. მათთვის ადგილები მოძიებულია, გადახურულია და მოწესრიგებულია. ისინი თებერვალში არ გადაიხდიან გადასახადს, ხოლო ადრე თუ იყო დღეში ათი ლარი, მარტიდან მათ მხოლოდ სამი ლარის გადახდა მოუწევთ", - აცხადებენ მერიაში.

გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად ზუგდიდში სამუშაო ჯგუფი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მოვაჭრეთა ნაწილმა გარევაჭრობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. 

ამავე თემაზე:
მოვაჭრეები გარევაჭრობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ
Print