ახალი ამბები
ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და აბაშაში ახალი სკოლების მშენებლობა იგეგმება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას აპირებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია, ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორისაა ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი და აბაშა.

„ინტენსიური მუშაობა გვქონდა განათლების სამინისტროსთან და თებერვლის თვეში ეტაპობრივად გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. მათ შორის, მშენებლობა-დიზაინის კუთხითაც იქნება გარკვეული მოცულობის ტენდერები გამოცხადებული. ამჟამად, სატენდეროდ მზად არის 27 პროექტი. ჯამური ინვესტიციის ღირებულება გახლავთ 68 მილიონი ლარი და გეოგრაფიულად მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბს“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

ღია კარის დღეს, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრნენ.
Print