რეგიონი
ოჩამჩირის რაიონში გარეულ ცხოველებზე მასობრივი ნადირობა დაიწყო
ოჩამჩირის რაიონში ტურებზე, მგლებსა და მელიებზე მასობრივი ნადირობა დაიწყო. ამ ზომებს ნადირის მიერ ადამიანზე თავდასხმის გახშირებული ფაქტების გამო მიმართეს. გარეული ცხოველები ხშირად შედიან კერძო სახლების ეზოებში და საქონელსა და ფრინველს ესხმიან თავს. სახლების მეპატრონეები საგანგებო ზომებს მიმართავენ, თუმცა, უშედეგოდ, წერს „აფსადგილ ინფო“. 

გასულ კვირას სოფლებში კინდღსა და ტამიშში ტურებზე ნადირობა გაიმართა, რომელშიც 30 - ზე მეტი მონადირე და ძაღლის იყო ჩართული. შედეგად, ახლომდებარე ტყეში 6 ზრდასრული ტურა მოკლეს. მასობრივი ნადირობა ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით და „აბხაზოხოტრიბობშჩესტვოს“ მხარდაჭერით მოაწყეს.

„ტურების და მგლების პრობლემა მწვავედ დგას არა მხოლოდ ოჩამჩირის რაიონში, არამედ აფხაზეთის თითქმის ყველა სოფელში. ნადირი შინაურ ცხოველებსა და საქონელს ანადგურებს. მათ ფაქტიურად მთლიანად გაანადგურეს ტყეში გავრცელებული წვრილი ფრინველი. ტურების, მგლების და მელიების პოპულაციის ზრდასთან ერთად, შემცირდა კურდღლების და სხვა წვრილი ნადირის რაოდენობა, რომელზეც ეს მხეცები ნადირობენ“, - აღნიშნა მონადირეთა საზოგადოების თავმჯდომარემ ხაჯარატ კვიცინიამ.

მისი თქმით, გარეული ცხოველების სისტემატური განადგურება გააუმჯობესებს სიტუაციას. მან მონადირეებს მოუწოდა შეძლებისდაგვარად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გასვლებში.

ამავე ინფორმაციით, ბოლო წლებში ტურების პოპულაციის ზრდა შესაძლოა ცოფის ვირუსის გავრცელების მიზეზიც გახდეს. იყო შემთხვევები, როდესაც ტურებს დაუკბენიათ ძაღლები, მათ კი შემდეგ ადამიანები, წერს გამოცემა. ამდენად, დე ფაქტო რესპუბლიკაში თვლიან, რომ გარეული ცხოველების მასობრივი განადგურება, ერთადერთი გზაა საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

Print